სამუშაო ჯგუფის მეოთხე გასვლითი შეხვედრა

2019 წლის 1 ივნისს გარემოს დაცვისა და ბუნებივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას ინიციატივით ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად კომპანია სს „RMG Copper“-ის და შპს „RMG Gold“-ის საწარმოო ტერიტორიაზე გაიმართა რიგით მეოთხე გასვლითი შეხვედრა.

გასვლით შეხვედრას უძღვებოდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, მასში მონაწილეობდნენ სამუშაო ჯგუფის წევრები და კომპანიის წარმომადგენლები. შეხვედრა მიზნად ისახავდა კომპანია სს „RMG Copper“-ის და შპს „RMG Gold“-ის საწარმოო ტერიტორიის დათვალიერებას, რათა გაკონტროლებულიყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2018 წლის გაზაფხულზე კომპანიისთვის დაკისრებული გარემოსდაცვითი პროგრამის შესრულების და გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირების მდგომარეობა.

ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას ინიციატივით შეიქმნა 2018 წლის 3 აპრილს კომიტეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დაბა კაზრეთში გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვის შემდგომ, კომპანია სს „RMG Copper“-ის და შპს „RMG Gold“-ის მიერ სამთო-მოპოვებითი სამუშაოების წარმოების პროცესში გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესწავლის მიზნით. სამუშაო ჯგუფში შედიან ორგანიზაციები: „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ და „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო – კვლევითი პლატფორმები“.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა გასვლითი შეხვედრისას კომპანია სს „RMG Copper“-ის და შპს „RMG Gold“-ის საწარმოო ტერიტორია დაათვალიერეს. სამუშაო ჯგუფმა კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების სამინისტროს მიერ კომპანიისთვის დაკისრებული გარემოსდაცვითი ვადლებულებების ფარგლებში კომპანიის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოების შესახებ. სამუშაო ჯგუფის მიერ დათვალიერებულ იქნა მიმდინარე და შესრულებული სამუშაოები: მოცულობითი წყლის ავზის მშენებლობა, საწარმოო ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ შეკეთებული გზები, ჩამდინარე წყლების შესაგროვებელი დრენაჟის სისტემა, მჟავე წყლებისთვის მოწყობილი მილები, საკანალიზაციო წყლების ბიოგამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, საწარმოო გზებზე მიმდინარე მორწყვით სამუშაოები, ქვის სამსხვრევი საწარმოს ტერიტორიაზე სპეციალური მორწყვის სისტემის ფუნქციონირება, შემოფარგლული და დატერასებული სანაყაროები, მიმდინარე გამწვანების სამუშაოები, გამზადებული სარეკულტივაციო ჰუმუსი და სხვა.

„საყდრისის კომიტეტის“ წევრმა ნინო ბურჭულაძემ განაცხადა: „საყდრისის კომოტეტი სამუშაო ჯგუფის ფორმატში კომპანიის გარემოადაცვითი ვალდებულებების შესრულებას უწევს მონიტორინგს. მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ვართ აქტიურები. კომპანიაში ოფიციალურ ვიზიტებს არ ვჯერდებით და ვცდილობთ არემჯიში გარემოსდაცვით მიმართულებით მიმდინარე პროცესებზე მუდმივად გვქონდეს ინფორმაცია. დღევანდელი ჩვენი ვიზიტი ერთგვარად შემაჯამებელ ხასიათს ატარებს. ვხედავთ, რომ კომპანიის მიერ დიდი სამუშაოები არის გაწეული და შედეგები, თუნდაც, წინა წელთან შედარებით არის შთამბეჭდავი, რაც სამუშაო ჯგუფის ეფექტურ მუშაობაზეც მეტყველებს. თუმცა, მიღწეული შედეგები, საყდრისის კომიტეტს ნამდვილად არ აძლევს მოდუნების საშუალებას. გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, რა თქმა უნდა, არის გამოწვევებიც. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო აქტიურები და კიდევ უფრო დაუზარელნი, რათა ის მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც არემჯის საქმიამობის შედეგად იყო რეგიონში შექმნილი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი…

სამუშაო ჯგუფის წევრი და ორგანიზაცია „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო – კვლევითი პლატფორმები“-ს წარმომადგენლის ნიკოლოზ წიქარიძის განცხადებით: „მიუხედავად იმისა რომ ჩვენთვის, მწვანეებისთვის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ალტერნატიული საზოგადოებრივი მართვის გზა არის ამოსავალი წერტილი, ჩვენ თავის დროზე სამუშაო ჯგუფში ამ მწვავე პრობლემის მყისიერი მოგვარების იმედით შევედით. სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში უკვე მე-6 ვიმყოფებით საწარმოში, და მიუხედავად იმისა რომ დაბინძურების შემცირებისა და რეკულტივაციის გზაზე ჯერ კიდევ დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი, სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, რამოდენიმე ღონისძიება შეიძლება ითქვას თითქმის ბოლომდეა მიყვანილი. პროცესის ამ მიმართულებით სვლის შემთხვევაში, დაბინძურება შემცირებადია, თუმცა, ჩვენი აზრით, ეს რეკულტივაციის პროცესის დაჩქარების გარეშე ბოლომდე მიყვანილად ვერ ჩაითვლება. იმედი გვაქვს, სახელმწიფო და კომპანია არ გადაუხვევენ აღებულ გეზს და დამატებით გაითვალისწინებენ ჩვენ რეკომენდაციებს

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით: „წინა წლებში არსებულ გარემოსდაცვით პრობლემებთან და დაძაბულობასთან შედარებით, აშკარაა ერთობლივი მუშაობის შედეგად მიღწეული პროგრესი. კომპანია სს „RMG Copper“-ის და შპს „RMG Gold“-ის მიერ ვალდებულებების შესრულების მიმდინარე პოზიტიური შედეგების შემობრუნება შეუძლებელია. დადებითად ვაფასებ გარემოსდაცვითი გეგმის შესრულების მიმდინარეობას, რაც კომპანიის და მათ შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სამუშაო ჯგუფის აქტიური ერთობლივი მუშაობის შედეგია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა, რათა არსებული პოზიტიური შედეგი გახდეს სამაგალითო.

სამუშაო ჯგუფი თავისი საქმიანობის ერთი წლის თავზე აგრძელებს მუშაობას სს „RMG Copper“-ის და შპს „RMG Gold“-ის მიერ დაკისრებული გარემოსდაცვითი ვადლებულებების ჯეროვნად შესრულების მონიტორინგზე. უახლოეს მომავალში სამუშაო ჯგუფი გაასაჯაროებს საქმიანობის ერთი წლის ანგარიშს, რომლის შემდეგაც სამუშაო ჯგუფი კვლავ გააგრძელებს მუშაობას.

კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას ინიციატივით 2019 წლის შემოდგომაზე იგეგმება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გასვლითი სხდომა ბოლნისის მუნიციპალიტეტში კომპანიის საწარმოო ტერიტორიაზე, რათა გაშუქებულ იქნეს ერთობლივი მუშაობის შედეგები.

parliament.ge

This slideshow requires JavaScript.