საყდრისის აფეთქება: მითი ოქროს ქალაქზე

tutberidze
ქეთი თუთბერიძე

შუა საუკუნეებში ესპანელებს სჯეროდათ, რომ ოკეანის მეორე მხარეს, ახალ მიწაზე, დაკარგული ქალაქი მდებარეობს, სადაც ყველაფერი, თითოეული ქვაც კი ბაჯაღლო ოქროა. კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ჯერ კიდევ ექვსი დღის წინ შეგვეძლო გვეფიქრა, რომ საქართველოში ოქროს ეგვიპტელებზე ადრე, ბრინჯაოს ხანაში მოიპოვებდნენ. 13 დეკემბრის შემდეგ საყდრისის უძველესი მაღაროსგან მხოლოდ ნანგრევები დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთწლიანი ბრძოლა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის მიერ დაფუძნებული RMG Gold-ის გამარჯვებით დასრულდა. თუმცა რეალურად ამ ბრძოლაში დამარცხებული მხარე არა კონკრეტული ჯგუფი, არამედ ხუთ მილიონამდე ადამიანია, ან უფრო მეტი, 100 მილიონი, შესაძლოა მილიარდიც კი, რადგან საყდრისი-ყაჩაღიანის მაღარო არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ ევრაზიის კონტინენტს ეკუთვნოდა. ყოველ შემთხვევაში, ასე შეაფასეს გერმანელმა მეცნიერებმა ის არქეოლოგიური ობიექტი, რომელიც ხუთი დღის წინ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, RMG Gold-მა განადგურდა.

ბრძოლა საყდრისის გადასარჩენად შარშან დაიწყო, რამდენიმე თვეში, რაც კულტურის მინისტრის, გურამ ოდიშარიას გადაწყვეტილებით საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი გაუუქმდა. ამ სტატუსს უძველესი მაღარო თითქმის შვიდი წლის განმავლობაში ატარებდა, იმ პერიოდიდან, როცა გერმანელმა სამთო არქეოლოგმა თომას შტიოლნერმა ქართველ არქეოლოგებთან ერთად „კოლხური ელდორადო“ აღმოაჩინა.

კულტურის მაშინდელი მინისტრის გადაწყვეტილების შემდეგ საყდრისს წინა პრეზიდენტის ბრძანებით, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიაც მოეხსნა. სწორედ მაშინ RMG Gold-მა კაზრეთის მოსახლეობისთვის ოქროს ქალაქზე თანამედროვე მითი შეთხზა, თითქოს საყდრისი-ყაჩაღიანი მათთვის სიმდრიდრისა და კეთილდღეობის მომტანი იქნებოდა, თითქოს იქ არავითარ პრეისტორიულ მაღაროს არ უარსებია და საყდრისის ისტორია ახლა RMG Gold-მა 3000-მდე დასაქმებულ ადამიანთან ერთად უნდა დაიწყოს. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ეს მითი ადამიანების კეთილდღეობაზე, ისეთივე ამაზრზენია, როგორც საუკუნის წინანდელი ბოლშევიკური პროპაგანდა (თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ძეგლების ნგრევა ბოლშევიკებსაც უყვარდათ).

სინამდვილეში, ალბათ ყველამ იცის, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები ერთი კონკრეტული კომპანიის ინტერესებს ემსახურება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კომპანიის წარმომადგენლებს სიტყვა არ დასცდენიათ იმ ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რაც დაბა კაზრეთის მოსახლეობას ელოდება. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ვაკო ნაცვლიშვილმა მის ბლოგში კაზრეთის მოსახლეობის მომავალთან დაკავშირებით შემზარავი სურათი დახატა: „ბავშვების გვამები, ფეხზე და სახეზე სიმსივნური წანაზარდებით…“ მართლაც, დამშეული ადამიანების კეთილდღეობის იდეას ამოფარებული კომპანია თავისი მიზნების განსახორციელებლად ჩატარებული სამთო-მოპოვებითი სამუშაოებით იქაურობას ღია ცის ქვეშ გაშენებულ ონკოლოგიური საავადმყოფოდ აქცევს.

მაშინ რას შეეწირა დიდი ალბათობით ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ძეგლი თუ არა ძალიან გავლენიანი ადამიანების კლანის სიხარბესა და ბიზნესგეგმას, რომლებმაც მთავრობა „აიძულა“ ასიათასობით ადამიანის მოთხოვნისადმი გულგრილი ყოფილიყო?! არაფერს ვამბობ მაღაროში აღმოჩენილ არტეფაქტებზე, რომელსაც, როგორც ჩანს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად არაფრად მიიჩნევს.

სამწუხაროდ, უძველესი ოქროს მაღაროს შენარჩუნების მცდელობა თავიდანვე ქარის წისქვილებთან ბრძოლას ჰგავდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემში აღტაცებას იწვევდა ამ ადამიანების თავგანწირვა არქეოლოგიური ობიექტის გადასარჩენად. ცოტა ხანში კი იმედი მომეცა, რომ RMG Gold ვანდალურ მიზანს ვერასოდეს მიაღწევდა. თუმცა მაინც დამაფიქრებელ გზავნილად მომეჩვენა სტუდენტებთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრის პასუხი საყდრისის შესახებ დასმულ შეკითხვაზე: „ეს არ არის ოქროს მაღარო… არ დასტურდება.“

საინტერესოა, რის საფუძველზე ამტკიცებდა ირაკლი ღარიბაშვილი, რომ საყდრისში ოქროს არ მოიპოვებდნენ, ან რა არგუმენტებით ცდილობდა საზოგადოების დარწმუნებას, რომ „კოლხური ელდორადო თუ პაიტიტი“ მხოლოდ რამდენიმე მეცნიერის ილუზიაა.

გარდა ამისა, 11-კაციანმა კომისიამ, რომელსაც საყდრისის სტატუსზე მსჯელობა ევალებოდა, ახალი ვერაფერი თქვა, თუმცა თავისდაუნებურად მე-4 ათასწლეულის მაღაროს განადგურებაში გარკვეული წვლილი შეიტანა. შესაბამისად, არც მათ და არც სამინისტროს არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ ხალხი პრეისტორიული მაღაროს არარსებობაში დაერწმუნებინათ. მესმის, რთულია მეცნიერების დიდი ჯგუფი, მათ შორის გერმანელი და შვეიცარიელი პროფესორები მათსავე სიმცდარეში არაფრისმთქმელი არგუმენტებით დაარწმუნო, მხოლოდ იმიტომ, რომ მსოფლიოში პირველი ოქროს მომპოვებელი მაღარო ხელისუფლებას არაფერში სჭირდება და 3000-მდე ადამიანის დასაქმება გაცილებით მაღალზნეობივ საქმედ მიაჩნია, ვიდრე არქეოლოგიური ობიექტის დაცვა. უცნაურია ისიც, რომ სამუშაო ადგილების შექმნა მთავრობას მხოლოდ RMG Gold-ის ინტერესების გათვალისწინებით გაახსენდა.

დღეს რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ, იყო თუ არა საყდრისი ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ძეგლი, სადაც ოქროს ეგვიპტელებზე ადრე მოიპოვებდნენ, მაინც ვეღარაფრს შევცვლით. მხოლოდ ის უნდა გვახსოვდეს, რომ თბილისიდან დაახლოებით 80 კილომეტრის დაშორებით იყო რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და უძველესი, რომლის ბოლომდე შეცნობის საშუალება არავინ მოგვცა. შესაძლოა, საუკუნეების შემდეგ საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროც ანდებში დაკარგული ინკების ოქროს ქალაქივით მხოლოდ მითად იქცეს. თუმცა მინდა მჯეროდეს, რომ მან, ვინც საყდრისის აფეთქების გადაწყვეტილება მიიღო, მართლაც არ იცოდა, რასთან ჰქონდა საქმე. კიდევ უფრო მეტად მინდა მჯეროდეს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ვანდალიზმის შემოქმედია, კანონის წინაშე პასუხს აგებს.

შესაძლოა დღეს არა, მაგრამ ხვალ „ხალხის კეთილდღეობისთვის გარჯილი“ მთავრობა მიხვდეს კიდეც, რომ 7 ნოემბრისა და 26 მაისის შემდეგ ბოლო ათწლეულში კიდევ ერთი სამარცხვინო თარიღი, 13 დეკემბერი, საკუთარი ხელით ჩაწერა, როცა RMG Gold-ს საყდრისის აფეთქების უფლება მისცა. სამწუხაროდ, ამის შემდეგ ძნელია არ იფიქრო, რომ არსებობს საფრთხე, ეს დღე უახლოეს წარსულში დარჩენილი რეჟიმის განახლებული სცენარის პროლოგი იყოს, როცა ხელისუფლება ხალხის ნებას ვერ ხედავს, ხალხის ხმა არ ესმის, ხალხს აღარაფერს უხსნის.

ქეთი თუთბერიძე

წყარო