წერილები და განცხადებები

***

საყდრისის კომიტეტის წერილი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს

ილია მეორეთქვენო უწმინდესობავ,

ნება გვიბოძეთ თქვენი ყურადღება მივიპყროთ და გაგაცნოთ ჩვენი გულისტკივილი ქვემო ქართლში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, აქ, ქართლის შუაგულში, სადაც ბოლნისის სიონისა და ფიტარეთის მონასტერები დგანან ამაყად, სადაც ჩვენი წინაპრების სისხლით გაჟღენთილ მიწაზე უამრავი ნასახლარი და ნატაძრალია, სადაც ბოლო ათწლეულებია სულ რამდენიმე სოფელში ქართული ოჯახები ეთნიკური ბალანსის გამოსწორების მიზნით ჩაასახლეს, სამთო-მომპოვებელ კომპანია არემჯის 1800 კვ კმ სალიცენზიო ტერიტორია აქვს. ოდესღაც ნაყოფიერი მიწა, რომელიც წელიწადში 2-3 ჯერ იძლეოდა მოსავალს, ამ კომპანიის საწარმოო პროცესის გამო გამოუსადეგარი გახდა. პოლიმეტალური წარმოება ღია კარიერული წესით მიმდინარეობს და თავის გზაზე ტოვებს ასმეტრიანი სიღრმის კარიერებს, ფუჭი ქანების სანაყაროებს, გამოსატუტ მოედნებს. ეს ყველაფერი კი ჰაერის, ნიადაგისა და მდინარეების ძირითადი დამაბინძურებელია. ნიადაგებში მძიმე ლითონების შემცველობა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას ბევრად აღემატება და თავის მხრივ ეს აბინძურებს აქ მოწეულ მოსავალსაც. საბოლოოდ მძიმე ლითონები კვებით ჯაჭვში გადადის და ეს კი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. სწორედ, ამაზე იყო გამახვილებული ყურადღება თქვენს სააღდგომო ეპისტოლეშიც.

ამ დროს, როცა სხვადასხვა ხერხით მიდის საქართველოს სამოციქულო ეკლესიაზე შეტევა და მრევლზე ზემოქმედება, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეპარქიებში, განსაკუთრებით კი ძირითადად არაქართველებით დასახლებულ ეპარქიებში, სასულიერო პირების მიერ სიტუაციის ობიექტურად შეფასებას და გონივრულ მოქმედებას.

ბოლნისის, დმანისის, ასევე მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიებში დიდი განსაცდელი სწორედ კომპანია არემჯისთან სასულიერო პირების დამოკიდებულებით მოდის. მრევლში და ალბათ, მთელ საზოგადოებაში დიდი ეჭვები გააჩინა მეუფე ეფრემისა და მეუფე ანანიას მიერ კომპანია არემჯისთან მემორანდუმის გაფორმებამ, რაც როგორც აღმოჩნდა, საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად განხორციელდა. შედეგმაც არ დააყოვნა, და კომპანია არემჯი მეუფეებისა და სასულიერო პირების დუმილის ფონზე იწყებს ახალი ღია კარიერების გადახსნას ქვემო ბოლნისში (ბოლნისის სიონიდან 1 კმ-ში) და არქეოლოგიურად შეუსწავლელ “ბნელი ხევის” ტერიტორიაზე (ფიტარეთიდან 2 კმ-ში), სადაც აღმოჩნდა უცნობი VIII-IX სს ეკლესიის ნანგრევები. გარდა ამისა, ამ კომპანიას მომავალში დაგეგმილი აქვს ასევე ღია კარიერების მოწყობა გომარეთში და წალკის რაიონში.

ახალი კარიერების გადახსნა კიდევ უფრო დაამძიმეს ისედაც მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას ამ რეგიონში. ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, ეკონომიკის სამინისტრომ მაინც მისცა მუშაოების განხორციელების ნებართვა. ამ განსაცდელის ჟამს კი ეპარქიის სასულიერო პირები არ იცავენ საერო ხელისუფლებისგან განწირულ მოსახლეობას. ასეთი დამოკიდებულება კი უდაოდ იმოქმედებს მრევლის განწყობაზეც.

უმორჩილესად გთხოვთ, გამოიყენეთ თქვენი დიდი ავტორიტეტი და მოუწოდეთ ეპარქიების სასულიერო პირებს, დაიცვან საკუთარი ეპარქიების მიწები განადგურებისგან, ნუ მიატოვებენ განსაცდელში საკუთარ მრევლს. ასევე გთხოვთ, მოსთხოვოთ საქართველოს ხელისუფლებას, ღირსეულად დაიცვან ეროვნული ინტერესები და ნუ მისცემენ უფლებას საქართველოში ინვესტორად შემოსულ კომპანიებს, ზიანი მიაყენონ საქართველოს უნიკალურ ბუნებას, ადამიანებს, დღემდე შემორჩენილ ქრისტიანულ ტაძრებსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.

პატივისცემით,

საყდრისის კომიტეტი

27 აპრილი, 2018

 

***

მარნეულისა და ჰუჯაბის  ეპისკოპოსმეუფე  გიორგის

მეუფე გიორგი  მეუფეო,

გიდასტურებთ ჩვენს პატივისცემას თქვენდამი რწმუნებული ეპარქიისა და სრულიად საქართველოს  მომავალზე ზრუნვისათვის.

მოგახსენებთ, რომ „საყდრისის კომიტეტი“ 2014 წლიდან არის ჩართული ქვემო ქართლში კომპანია „არემჯის“  საქმიანობის შედეგად არსებული პრობლემების  აღკვეთის მეტად მძიმე და უთანასწორო ბრძოლაში.   სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით საყდრისის  გადარჩენა და მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღარო კომპანიის პირად ინტერესებს შეეწირა.

მას შემდეგ, რაც ფიტარეთისკენ მიმავალმა ერთ-ერთმა მომლოცველმა  ინფორმაცია მოგვაწოდა ამ ტერიტორიაზე  არემჯის კუთვნილი ტექნიკის არსებობის შესახებ, ჩვენ 2016 წლის 27 სექტემბერს მინიშნებული ადგილები დავათვალიერეთ.  ხრამის ხეობაში, ფიტარეთის გზაზე და ასევე ბნელი ხევის ტერიტორიაზე ჩვენ მართლაც აღმოვაჩინეთ გეოლოგების მუშაობის კვალი და შეგროვებული ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მივაწოდეთ.

2017 წლის მაისში მივაღწიეთ და კომპანია „არემჯის“ უკან გავაწვევინეთ ბნელი ხევის გზშ (გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი), რადგან იქ არქეოლოგიური ნაწილი საერთოდ არ იყო გათვალისწინებული. საპასუხოდ, კომპანიამ გამოსატუტი მოედნებისა და სანაყაროებისათვის ახალი ტერიტორია შეარჩია საყდრისის მიმდებარედ. თუმცა, ბნელი ხევის არქეოლოგიური შესწავლა კვლავ არ განხორციელებულა, ისე დაიწყეს იქ კარიერისთვის მოსამზადებელი სამუშაოები და ასეულობით ჰექტარზე  დღემდე ხელუხლებელი ტყის მასივების გაჩეხვა. სწორედ აქ აღმოაჩინეს ტანძიელმა ახალგაზრდებმა დღემდე უცნობი ეკლესიის ნანგრევები, მიწაში ჩაფლული ქვევრები, ბოლნური ჯვრის ბარელიეფი და სხვ.

კომპანია   „არემჯი“-ს სალიცენზიო ტერიტორია 1800 კვადრატულ კილომეტრზე ვრცელდება და ახალი კარიერების გადახსნას ის აპირებს ასევე ქვემო ბოლნისში, გომარეთში, წალკის რაიონში.

ეკოლოგიური კატასტროფის ზონა ნელ-ნელა ფართოვდება და ის მთელ ქვემო ქართლზე გავრცელდება.

ჩვენმა ორგანიზაციამ  ამ პრობლემების შესახებ წერილობით მიმართა  საქართველოს პატრიარქს, პრემიერს,  პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს.

30 აპრილს თქვენს მიერ გავრცელებული მიმართვა არის დიდი სტიმული როგორც ტანძიელებისთვის, ასევე „არემჯის“ მავნებლური საქმიანობის წინააღმდეგ ყველა მებრძოლისთვის და დანარჩენი ეპარქიებისთვის.

თქვენი დატვირთული სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით, გთხოვთ, გამონახოთ მცირე დრო და უახლოეს დღეებში შეგვხვდეთ.

საყდრისის კომიტეტი

30 აპრილი, 2018

sakdrisiblog.wordpress.com/2018/05/05/meupe-giorgi/

***

საქართველოს პრემიერმინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

 kvirikashvili 27 აპრილი, 2018                                                                                           

ბატონო პრემიერო,

მას შემდეგ, რაც საქართველომ  საკუთარი არჩევანი ნათლად განსაზღვრა და  ქვეყანა ევროპულ სივრცეზე ორიენტირებული გახდა,  ეს  ხელისუფლებას მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს საკუთარი მოქალაქეებისა და ცივილიზებული მსოფლიოს წინაშე.  ამავე დროს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა  ავალდებულებს საქართველოს, მკაფიო ნაბიჯები გადადგას მდგრადი განვითარების, მწვანე ეკონომიკის,  კულტურული მემკვიდრეობის,  შრომის უსაფრთხოების,  ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის პრინციპების დასაცავად.

ოფშორში დარეგისტრირებული  კომპანია „არემჯის“ საქმიანობის შედეგები აშკარად წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებასთან. კერძოდ, ადგილი აქვს კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფას.  გარემოს დაბინძურებას, ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტის განადგურებას.

ჩვენი შეშფოთება საფუძველს მოკლებული რომ  არაა, ამაზე მეტყველებს როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ასევე კვლევითი ინსტიტუტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჯერ კიდევ 2000 წელს შეფასდა ბოლნისის რაიონის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც „არაკეთილსაიმედო“,  ხოლო 2003 წელს  ჰიგიენის  ინსტიტუტთან ერთად ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ მოსახლეობის  დაავადებათა მატების მიზეზი კაზრეთის ტერიტორიაზე არსებული მადნეულის კომბინატი იყო.  სამწუხაროდ, რეკომენდირებული პროფილაქტიკური ღონისძიებების სანაცვლოდ  გაფართოვდა კომბინატის მუშაობის არეალი და დღეისთვის უკვე ბოლნისის რაიონის გარდა დმანისის რაიონის უკლებლივ ყველა სოფლის მიწა (რომლებიც შემოწმდა)   ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციაზე (ზდკ) რამდენჯერმე მეტი რაოდენობით შეიცავს მძიმე ლითონებს (კადმიუმს, ტყვიას, ნიკელს, სპილენძს, თუთიას და სხვ).  კატასტროფულად დაბინძურებულია ასევე  მდინარეები კაზრეთულა, მაშავერა და ფოლადაური, რითაც ირწყვება სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. მძიმე ლითონები კი ნიადაგიდან ხვდება კვებით ჯაჭვში, რაც დადასტურებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო ლაბორატორიის კვლევებშიც.

2016 წელს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის კომისიის მიერ კომპანია არემჯის გზშ-ს დოკუმენტის ინსპექტირების მერე დადგინდა, რომ კომპანია უხეშად არღვევს ლიცენზიით განსაზღვრულ პირობებს და შემოწმების მომენტისთვის გარემოზე მიყენებული ზარალის ოდენობა იმდენად დიდია, რომ  ზარალის ოდენობა ჯერ კიდევ დათვლის პროცესშია, თუმცა, როგორც პირად საუბარში აცხადებენ ზარალი , რაც გარემოს მიადგა, მილიარდ ლარამდეა. ამას კიდევ დავუმატოთ ზარალის ის ოდენობა, რაც კომპანიამ მიაყენა სოფლის მეურნეობასა და ადამიანების ჯანმრთელობას. ბოლოს  კი ლოგიკურ კითხვამდეც მივდივართ: კომპანია, რომლის საქმიანობას საქართველოს ბიუჯეტისთვის მოგებაზე მეტი ზარალი მოაქვს, რატომ  უგრძელდება წინა ხელისუფლების დროს გაცემული ლიცენზია?!

ამჯერად, კომპანია „არემჯი“ აპირებს თეთრი წყაროს რაიონში ბნელი ხევის ტერიტორიაზე ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვებას. ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება მიმდებარე სოფლების მოსახლეობა. ისინი მოითხოვენ კონსტიტუციურად მინიჭებულ ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების დაცვას, ღია კარიერული წესით მუშაობის შეჩერებას!

ღია კარიერულ მუშაობას თან ახლავს აფეთქებების სერია და მძიმე ლითონების შემცველი მტვრის ემისიები, რაც ჯანმრთელობისთვის საშიშია, ხოლო პერმანენტული აფეთქებები დააზიანებს მე-18 საუკუნის ხულუტის ციხეს, მე-13 საუკუნის ფიტარეთის მონასტერს  და სხვა ძეგლებს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ტერიტორია არქეოლოგიურად შესწავლილი არაა.

ქვემო ქართლის რეგიონში კომპანია არემჯის მუშაობა პირდაპირ წინააღმდეგობაშია პრიორიტეტად დასახული სოფლის მეურნეობის განვითარებასთან, ასევე ხელი ეშლება ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მუშაობას, ხოლო მოსახლეობის დაავადებების  გაზრდილი  მაჩვენებელი უარყოფითად აისახება საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტზე.

საყდრისის კომიტეტი ვითხოვთ:

1 – გამოიყენეთ თქვენ ხელთ არსებული ბერკეტები და კომპანია „არემჯის“ შეუჩერეთ ლიცენზია მანამ, სანამ:

ა) – სახელმწიფო შესაბამისი სტრუქტურები არ დათვლიან ამ კომპანიის მუშაობის შედეგად გარემოზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე მიყენებული ზარალის ოდენობას;

ბ) – სანამ კომპანია არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და არ დააფინანსებს მის სალიცენზიო არეალში  მოსახლეობის ეპიდემიოლოგიურ კვლევას;

გ) – სანამ სრულად არ დაფარავს მასზე დაკისრებულ ჯარიმებისა და გარემოზე მიყენებული ზარალის ოდენობას და არ გადაიხდის სალიცენზიო პირობებით გათვალისწინებულ გადასახადებს.

2 – ჩამობრძანდით ბოლნისის რაიონში, შეხვდით მოსახლეობას, დაათვალიერეთ ღია კარიერები, ფუჭი ქანების სანაყაროები და ციანიდის მოედნები.

3 ღირსეულად დაიცავით საქართველოს ეროვნული ინტერესები და ნუ მისცემთ  უფლებას საქართველოში ინვესტორად შემოსულ კომპანიებს, ზიანი მიაყენონ საქართველოს უნიკალურ ბუნებას, კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლებსა და ადამიანებს.

4 – უმოკლეს ვადაში შეგვხვდით საყდრისის კომიტეტის წევრებს ეკონომიკის, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრებთან ერთად.

პატივისცემით,

საყდრისის კომიტეტის წევრები

27.04.2018

sakdrisiblog.wordpress.com/2018/05/05/kvirikashvili/

***

საქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს

a72507b[1]27.04.2018

საყდრისის კომიტეტი გთხოვთ:

1 ჩამობრძანდით ბოლნისის რაიონში, შეხვდით მოსახლეობას, დაათვალიერეთ ღია კარიერები, ფუჭი ქანების სანაყაროები, ციანიდის მოედნები და საფრთხის წინაშე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.

2 – ღირსეულად დაიცავით საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები, ნუ მისცემთ უფლებას საქართველოში ინვესტორად შემოსულ კომპანიებს, ზიანი მიაყენონ საქართველოს უნიკალურ ბუნებას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ადამიანებს.

3 – უმოკლეს ვადაში შეგვხვდით საყდრისის კომიტეტის წევრებს.

***

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს

ირაკლი კობახიძე27.04.2018

საყდრისის კომიტეტი გთხოვთ:

1 ჩამობრძანდით ბოლნისის რაიონში გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების წევრებთან ერთად, შეხვდით მოსახლეობას, დაათვალიერეთ ღია კარიერები, ფუჭი ქანების სანაყაროები, ციანიდის მოედნები და საფრთხის წინაშე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.

2 – ღირსეულად დაიცავით საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები, სასწრაფოდ შეიმუშავეთ და მიიღეთ ისეთი კანონები, რომლებიც არ მისცემენ უფლებას საქართველოში ინვესტორად შემოსულ კომპანიებს, ზიანი მიაყენონ საქართველოს უნიკალურ ბუნებას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ადამიანებს.

3 – უმოკლეს ვადაში შეგვხვდით საყდრისის კომიტეტის წევრებს.

***

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  პრეზიდენტს აკადემიკოსს, ბატონ  გიორგი კვესიტაძეს

გიორგი_კვესიტაძე[1] კომპანია „არემჯი“, ამჯერად, აპირებს თეთრი წყაროს რაიონში ბნელი ხევის ტერიტორიაზე ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვებას. ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება მიმდებარე სოფლების მოსახლეობა. ისინი მოითხოვენ კონსტიტუციურად მინიჭებულ ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების დაცვას, ღია კარიერული წესით მუშაობის შეჩერებას!

ღია კარიერულ მუშაობას თან ახლავს აფეთქებების სერია და მძიმე ლითონების შემცველი მტვრის ემისიები, რაც ჯანმრთელობისთვის საშიშია, ხოლო პერმანენტული აფეთქებები დააზიანებს მე-18 საუკუნის ხულუტის ციხეს, მე-13 საუკუნის ფიტარეთის მონასტერს  და სხვა ძეგლებს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ტერიტორია არქეოლოგიურად შესწავლილი არაა.

ქვემო ქართლის რეგიონში კომპანია არემჯის მუშაობა პირდაპირ წინააღმდეგობაშია პრიორიტეტად დასახული სოფლის მეურნეობის განვითარებასთან, ასევე ხელი ეშლება ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მუშაობას, ხოლო მოსახლეობის დაავადებების  გაზრდილი  მაჩვენებელი უარყოფითად აისახება საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტზე.

საყდრისის კომიტეტი გთხოვთ, მეცნიერებათა აკადემიაში ჩვენი ჩართულობით დროულად  მოაწყოთ ამ პრობლემის შესახებ  საჯარო დისკუსია და მოიწვიოთ არქეოლოგები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ეკოლოგიის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის დარგის  ექსპერტები, ასევე  გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები.

საყდრისის კომიტეტი

30.04.2018

 ***

საქართველოს სახალხო დამცველს ქალბატონ ნინო ლომჯარიას

4985[1]ქალბატონო ნინო,

გთხოვთ, ჩაბრძანდით ბოლნისის რაიონში, შეხვდით ეკოლოგიური კატასროფის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას, დაათვალიერეთ კომპანია „არემჯის“ მოღვაწეობის შედეგები ბოლნისის რაიონში: ღია კარიერები, ფუჭ ქანების სანაყაროები, ღია ციანირების გამოსატუტი მოედნები.

გთხოვთ, დაეხმარეთ მოსახლეობას, დაიცვას კონსტიტუციით მინიჭებული ჯანსაღ გარემოში ცხოვრებისა და სიცოცხლის უფლება.

საყდრისის კომიტეტი

27.04.2018

***

13483301_1004811296233811_2933953810561999466_o-e1492092183604-1510573578-1024x647[1]

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს ბატონ მიხეილ გიორგაძეს

7 ოქტომბერი, 2015

გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია:

  1. რა ეტაპზეა,   ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობის პროცესი. როგორც ცნობილია, უკვე დამთავრდა არქიტექტორული პროექტებისათვის   პირველადი განაცხადების შემოტანის ვადა.
  1. როგორია იმ კომისიის თუ ჟიურის შემადგენლობა, რომელმაც გამარჯვებული პროექტი უნდა გამოავლინოს.
  1. გეგმის მიხედვით, როდის დაიწყება მუზეუმის მშენებლობა.

***

საყდრისის კომიტეტის განცხადება

ვერეს ხეობაში 13 ივნისს დატრიალებული ტრაგედიის გამო

20 ივნისი, 2015

ტრაგედია ვერეს ხეობაში. 13.06.2015

საყდრისის დაცვის კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისის ტრაგედიის დროს ადამიანების დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მათ ოჯახებსა და მთელ საქართველოს.
ვერეს ხეობაში განვითარებული სტიქიის გამანადგურებელმა მოქმედებამ ცხადჰყო, რომ ბუნებაში ადამიანის გაუაზრებელმა და უხეშმა ჩარევამ შეიძლება კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს.
იმედს ვიტოვებთ, მოსალოდნელი ახალი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, სანამ არ ჩატარდება შესაბამისი ექსპერტებისა და მეცნიერების კვალიფიციური კვლევა იმ მშენებლობებზე და ლიცენზიებზე , რომლებზეც საზოგადოებაში დავა მიმდინარეობდა (RMG Gold-ს ლიცენზია ფერადი ლითონების ღია კარიერული წესით მოპოვებაზე და ოქროს ციანირებაზე, სვანეთში, რაჭაში, აჭარასა და დარიალის ხეობაში ჰესების მშენებლობაზე და ა.შ. ), ხელისუფლება დროებით შეაჩერებს ნებართვების მოქმედებას, ხოლო სტიქიის გამომწვევ მიზეზებსა და დამანგრეველი შედეგების შესახებ იმსჯელებენ შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტები და დადებენ ობიექტურ დასკვნას.

***

საყდრისის კომიტეტის განცხადება

11130005_10202903746469268_3227541_n[1]

03.04.2015

უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი დივერსია,” – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ბოლნისში საყდრისის საბადოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები.

პრემიერი ამ საკითხით სამართალდამცველების დაინტერესებას ითხოვს.

„მე ვიცი, რომ დიდი პრობლემა შეექმნა ბოლნისში RMG კომპანიას, სადაც მუშაობს 3 ათასი ოჯახი. მთელი ბოლნისის რაიონი დამოკიდებულია ამ კომპანიის მუშაობაზე. ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და მე ვიტყოდი, ანტისახელმწიფოებრივი, ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. რაც მოხდა ბოლნისის საწარმოსთან მიმართებით, ეს არის პირდაპირი დივერსია და ამით უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცველი ორგანოები,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

http://rustavi2.com/ka/news/13247

***

საყდრისის  კომიტეტის განცხადება

პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით

გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამართალდამცავებს საყდრისის მცველების დივერსიული საქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

ჩვენ თავად უკვე ერთი წელია ვითხოვთ, საყდრისთან დაკავშირებული უამრავი დანაშაულებრივი ფაქტის გამოძიებას.

ჩვენი აზრით დივერსია, რომელიც განხორციელდა საყდრისის აფეთქებით წამოადგენს ქართული სახელმწიოფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ვანდალურ აქტს.

დივერსია არის:

  1. უფასოდ გაცემული ლიცენზია სპილენძისა და ოქროს მოპოვებაზე, ღირებულებით 50-60 მლნ ლარი
  2. უკონტროლოდ გატანილი ოქრო, სპილენძი და კიდევ 9 იშვიათი ლითონი, რომელთა რაოდენობა აღრიცხულია სახელმწიფოს მარაგებში, ღირებულებით რამდენიმე ასეული მლნ. ლარი;
  3. მთელი საქართველოს მაშტაბით ეკოლოგიური კატასტროფის კერის შექმნა და მოსახლეობის გენოციდი, რაც ეკონომიკური ციფრებით გამოიხატება ასეული მილიონი ლარით, რომელიც ონკოდაავადებების სამკურნალოდ იხარჯება;
  4. აღარაფერს ვამბობთ იმ ზიანზე, რაც მიადგა ჩვენს საერთაშორისო პრესტიჟს, საყდრისის აფეთქებამ საქართველო დააყენა მსოფლიოში ცნობილი ვანდალების: თალიბანების და სხვა ბოროტმოქმედების გვერდით და ა.შ.

ჩვენ აქამდეც არაერთი წერილი მიგვიწერია პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის, და სხვა მაღალი თანამდებობის პირებისთვის ამ საკითხების მეცნიერებთან ერთად განსახილველად, ამიტომ ვღებულობთ ამ გამოწვევას და იმედი გვაქვს საყდრისთან დაკავშირებით გამოძიებულ იქნება ყველა ეს საკითხი.

მოვუწოდებთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, რათა საჯაროდ იქნას განხილული ამ დივერსიების ყველა ასპექტი, ხოლო პრემიერ-მინისტრს მოვუწოდებთ საყდრისის მცველებისადმი წამოყენებული ბრალდებების დაუსაბუთებლობის შემთხვევაში მოიხადოს ბოდიში.

04.04.2015

***

პეტიცია პარლამენტს საყდრისის შენარჩუნების შესახებ

ეს პეტიცია განაპირობა იმ გარემოებამ, რომ საყდრისის მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღაროს გარშემო სიტუაცია, ჩვენთვის აუხსნელი მიზეზების გამო დღითიდღე იძაბება. სახელმწიფო იცავს კერძო კომპანიის – RMG Gold-ის ინტერესებს, უარყოფს ქართველი და უცხოელი მეცნიერების მიერ 10 წლიანი კვლევების შედეგად ფაქტობრივად დადასტურებული უნიკალური არქეოლოგიური ძეგლის არსებობას და ანადგურებს მას!
სახელმწიფო არ უსმენს:
არც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია II-ს, რომელმაც დაგმო საყდრისის აფეთქება და მოითხოვა დამნაშავეების დასჯა.
არც პრეზიდენტს,
არც სახალხო დამცველს,
არც საზოგადოების პროტესტს.
საყდრისის კულტული მემკვიდრეობის განადგურება იქნება დანაშაული ერის წინაშე; მთავრობას არ აქვს უფლება საკუთარ ერს მოუსპოს კულტურული და ისტორიული მეხსიერება; საყდრისს უდიდესი პოტენციალი აქვს სიცოცხლისუნარიანი ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისათვის.
ამიტომ გთხოვთ,
სასწრაფოდ მიიღოთ გადაწყვეტილება საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს ნგრევის შეჩერებაზე და დროულად გადაწყვიტოთ საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი.
* Required
***

“საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის” მიმართვა ბატონ დავით უსუფაშვილს.

ბატონო დავით,
მოგახსენებთ, რომ ა.წ. 9 მარტს „საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივმა კომიტეტმა“ განცხადება ( წერილი N 5240 ) შეიტანა პარლამენტის აპარატის უფროსის ზურაბ მარაქველიძის სახელზე თხოვნით, უფლება მოეცათ, ქუთაისის პარლამენტის შენობაში ჩაგვეტარებინა გამოფენა საყდრისის შესახებ-„საყდრისის დღე პარლამენტში“ . წერილში მითითებული არ გვქონდა თარიღი, მაგრამ ვაფიქსირებდით, რომ ეს სესიაზე საყდრისის საკითხის განხილვის დროს უნდა დამთხვეოდა. ამის შემდგომ რამდენიმე სატელეფონო საუბარი გვქონდა პარლამენტის აპარატის თანამშრომელთან, რომელიც ითხოვდა დაზუსტებას, თუ რა სახის გამოფენა იქნებოდა. დეტალური ინფორმაციის მიწოდებისათვის ჩვენი ინიციატივით გვქონდა შეხვედრა ხუთშაბათს, 12 მარტს ქალბატონ ნინო ბერაძესთან. დავაზუსტეთ, რომ სასურველი იყო, ჩვენი გამოფენა შემდგარიყო 18-20 მარტს. მეორე დღეს, პარასკევს ტელეფონით დაგვიკავშირდა კვლავ აპარატის თანამშრომელი, რომელმაც გვთხოვა, რომ ხელახალა შეგვეტანა წერილი ბატონ მარაქველიძის სახელზე, მიგვეთითებინა თარიღად 19-20 მარტი და აგრეთვე მიგვეწოდებიდა დისკით საგამოფენო ფოტომასალა. მოთხოვნა შევასრულეთ ( წერილი N 5737 ), მაგრამ შაბათს დაგვირეკეს და უარი გვითხრეს. მიზეზად დასახელდა პრეზიდენტის სტუმრობა პარლამენტში და შემოგვთავაზეს 1-3 აპრილი. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ჩვენს წერილზე პასუხი მათ წერილობით მოეწერათ და უარის მიზეზიც დაესახელებინათ, მაგრამ არ დაგვთანხმდნენ. 16 მარტს ჩვენი ინიციატივით კვლავ შევხვდით პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს და სიტყვიერი შეთანხმებაც შედგა ჩვენს შორის, რომ გამოფენის მოწყობაზე თანხმობას მივიღებდით 18-10 მარტიდან იმ დღეებში , როცა პრეზიდენტის ვიზიტი არ შედგებოდა. რამდენიმე საათის შემდეგ კი კვლავ უარის თქმით დაგვირეკეს და მიზეზის წერილობითი სახით მოწოდებაზე კვლავ უარი გვითხრეს.
ბატონო დავით, სამწუხაროა, რომ უმრავლესობის დეპუტატებს არ ეძლევათ საშუალება, გადაწყვეტილების მიღებამდე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მსოფლიოს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის-საყდრისის შესახებ. ისინი გამოფენის მოწყობის იდეას დიდი ყურადღებით მოეკიდნენ და არქეოლოგებთან შეხვედრითაც დაინტერესდნენ.
საყდრისის საკითხის პოლიტიზირება ჩვენს ინტერესში არ შედის და ეს არც თავად საყდრისს წაადგება. თქვენთვის, ალბათ, ცნობილია ევროპელი და ამერიკელი მეცნიერების წერილები, რომლებიც საყდრისის მხარდასაჭერად იგზავნებოდა ამ ერთი წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრისა თუ კულტურის მინისტრის სახელზე, ისინი აღნიშნავდნენ, რომ საყდრისი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის საკუთრებაა და ითხოვდნენ მის შენარჩუნებას. ამ საკითხით დაინტერესდა იუნესკო, მიუხედავად იმისა, რომ მის დასაცავ ნუსხაში საყდრისი შეტანილი ჯერ არ არის. „ევროპა ნოსტრა“-მ ასევე დაიცვა საყდრისის ინტერესები. როგორც ხედავთ, მთელი ცივილური სამყარო მხარს უჭერს საყდრისს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქართველოში მაინც ანგრევენ მას. მხოლოდ ეს ფაქტი ხომ არ მიუთითებს იმაზე , რომ საქართველოს განვითარება არ მიდის ევროპისკენ? ევროპის ინტეგრაციის ხელშეკრულების გზაზე იქნება თუ არა ეს ფაქტი ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება?
გთხოვთ, დაგვრთოთ ნება, ქუთაისის პარლამენტის ფოიეში, 18-20 მარტს მოვაწყოთ საინფორმაციო ხასიათის გამოფენა საყდრისის შესახებ და საშუალება მიეცეთ არქეოლოგებს, წარსდგნენ დეპუტატების წინაშე მცირე პრეზენტაციით.
არავის აქვს უფლება მოუსპოს ერს ისტორიული მეხსიერება. გთხოვთ, მოგვცეთ საშუალება, შევეცადოთ, დავიცვათ საყდრისის უფლებები, მივიტანოთ სრული ინფორმაცია დეპუტატებამდე, რათა ისინი უნებლიედ ღილაკზე თითის დაჭერით არ გახდნენ მსოფლიოს უნიკალური მაღაროს მნგრეველები.
პატივისცემით
„საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი“
16 მარტი, 2015
***
Advertisements