ოქროს მტვერი

ოქროს მტვერი

ავტორები:
ცირა გვასალია
ჰრანტ გალსტიანი
ალისა კუსტიკოვა

სატვირთო მანქანას მადანი ღია კარიერიდან გადამამუშავებელ ფაბრიკამდე მიაქვს. კაზრეთი, საქართველო. ფოტო: ცირა გვასალია


GeoPromining, ძვირფასი ლითონების მომპოვებელი საერთაშორისო კომპანიამ, რომლის დამაარსებელი რუსი ბიზნესმენი სიმან პოვარენკინი და რომლის ქართველი ბიზნეს-პარტნიორი კობა ნაყოფიაა, საქართველოში, სომხეთსა და რუსეთში ოქროსა და სხვა ძვირფასი ლითონების მოიპოვების პერიოდში, ზიანი მიაყენეს ადგილობრივ გარემოს;

ადგილობრივ მთავრობებში კარგი კონტაქტების წყალობით, მასშტაბური გარემოსდაცვითი დაბინძურებისთვის ეს და მისი შვილობილი კომპანიები არასოდეს დასჯილან.  ადგილობრივი მთავრობები ან არ იძიებენ მსხვილი გარემოს დაბინძურების ფაქტებს, ან გამოძიებაზე ინფრომაციას არ აქვეყნებენ.

#კაზრეთი, საქართველო. ჰაერის დაბინძურება

ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში, საყდრისის საბადოდან დაახლოებით ოთხი კილომეტრის დაშორებით, სპილენძის მადნის გადამამუშავებელ საწარმომდე, ყოველდღე მადნით დატვირთული ავტომანქანები დადიან.  სატვირთო მანქანების მარშრუტის გზა მტვრის სქელი ფენითაა დაფარული.  გზად საგზაო ნიშნებს, ძველ, გაფუჭებულ, ერთ ადგილას მდგარ მანქანებს, სოფლის გაჩერების მოსაცდელ პატარა ჯიხურს, ძველ საგუშაგო პოსტს მტვრის სქელი ფენა ადევს.

მადნის მტვერი, კაზრეთი, საქართველო. ფოტო: ცირა გვასალია

კომპანია Rich Metals Group, რომელიც ადგილზე ოქროსა და სპილენძს მოიპოვებს, სატვირთოების სავალ გზაზე მტვრით დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, გზის მორწყვა ევალება. თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, კომპანია ამას იშვიათად აკეთებს.

გარემოსა ეროვნული სააგენტო კაზრეთში ჰაერის მადნის ფრაქციებით დაბინძურებას არ ზომავს.  შესაბამისად, ჰაერში მადნის ფრაქციის კონცენტრაციის კონკრეტული ციფრები არ არსებობს.

თვითმონიტორგის ფარგლებში, ჰაერის მადნით დაბინძურებას არც კომპანია ზომავს. Rich Metals Group-ის მიერ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის მიწოდებულ თვითმონიტორინგის ანგარიშში, რომელიც არასრულყოფილია, ასეთი კომპონენტი არ არის.

წყლისა და ნიადაგის დაბინძურება

საყდრისის კარიერი, კაზრეთი

 

2014 წლის 27 თებერვალს, სააქციო საზოგადოება Rich Metals Group Copper-ის კუთვნილ სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი საწარმოს ტერიტორიაზე განთავსებული 5 000 კუბური მეტრი მოცულობის ე.წ. შემასქელებელი რეზერვუარიდან 5 00 კუბური მეტრი მოცულობის მჟავე კარიერული წყლების ავარიული ჩაშვების შედეგად მდინარე კაზრეთულა დაბინძურდა.

დაბინძურების ფაქტი დასტურდება ოქმით, რომელიც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2014 წლის 27 თებერვალს შეადგინა.

2014 წლის 27 თებერვალს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები  საწარმოს გამადიდრებელ ფაბრიკას ეწვივნენ, სადაც სპილენძის შემცველი კონცენტრატი მზადდება. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ასევე აიღეს წყლის  სინჯები მდინარე მაშავერადან და კაზრეთულადან.

“მდინარე მაშავერას მოწამვლა შეინიშნებოდა მდინარე კაზრეთულას და მდინარე მაშავერას შესართავიდან სოფელ ჭაპალამდე”, – აღნიშნულია აქტში.

აღებული სინჯებიდან ერთ-ერთის მიხედვით, მდინარე კაზრეთულასა და მაშავერას შესართავთან თუთიის კონცენტრაციამ 220.4-ჯერ გადააჭარბა დასაშვებ ნორმას, მანგანუმის კონცენტრაციამ – 474.9-ჯერ, სპილენძის – 157,1–ჯერ და რკინის – 36.4-ჯერ.

აქტიდან, რომლიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეადგინა, ჩანს, რომ წყლის მძიმე მეტალებით დაბინძურებასთან ერთად, განადგურდა თევზი. სააგენტოს მიერ შედგენილ აქტს თან ახლავს სამი მოქალაქის ნაამბობი.  ადგილობრივები ყვებიან, რა ნახეს დაბინძურების დღეს.

“მოგახსენებთ, რომ 2014 წლის 27 თებერვალს 10 სათზე და 30 წუთზე ვიმყოფებოდი ბოლნისის რაიონის სოფელ ჭაპალაში. მდინარე მაშავერაზე არსებულ ხიდზე გადასვლის დროს შევამჩნიე, რომ მდინარის ნაპირებზე ეყარა დახოცილი და გამორიყული თევზი, რომელიც მოვაგროვე.

ვინაიდან მდინარეს ფერი ჰქონდა შეცვლილიდა იგრძნობოდა მკვეთრი სუნი, ეჭვი შემეპარა თევზის ვარგისიანობაში და გადავყარე უკან.  ასევე შევამჩნიე მდინარის ნაპირებზე გამოსული ხალხი, რომლებიც აგროვებდნენ დახოცილ თევზებს. მე ვურჩიე, რომ არ მიეღოთ თევზი საჭმელად, რადგან თევზი მოწამლული იყო“, – ამ წერილს ხელს მოქალაქე ზურაბ ლიპარტელიანი აღწერს.

აქტს თან ახლავს კიდევ ორი წერილი, რომელიც მსგავსი შენაარსისაა და რომელსაც ხელს ვლადიმერ და ბესო რეხვიაშვილები აწერენ.

“მდ. კაზრეთულაში დაფიქსირდა მჟავე გარემო, რამაც გამოიწვია მძიმე ლითონების სხნადობის გაზრდა და შესაბამისად, მათი კონცენტრაციის მომატება, ხოლო წყალში ძლიერმა მჟავე გარემოში, შესაძლებელია, მოახდინოს მთელი რიგი უარყოფითი ზეგავლენა ბიომრავალფეროვნებაზე. კერძოდ, დააზიანოს ან გამოიწვიოს ინდივიდუალური სახეობების თევზების დახოცვა, შეამციროს თევზის პოპულაცია, მთლიანად გაანადგუროს თევზის სახეობა და ასე შემდეგ”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ დაწერილ აქტში.

სპეციალური ფორმულით, რითაც ქართული კანონმდებლობით გარემოსთვის მიყენებული ზიანი ითვლება, გარემოს ეროვულმა სააგენტომ დაიანგარიშა, რომ ჯამში, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 1 078 187,96 ლარი.

სასამართლოს უარი გარემოზე ინფორმაციაზე

2014 წლის 21 მარტს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მაშინდელმა უფროსმა ირაკლი მუკნიაშვილმა მაშინდელ მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს, საქმის დეტალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაუგზავნა.

ამ მიმართვიდან 3 წელი გავიდა.  გასული წლის ოქტომბერში, ჩვენ ვკითხეთ პროკურატურას, დაიწყო თუ არა გამოძიება რა ეტაპზეა ის ამჟამად.

პროკურატურამ გვიპასუხა, რომ უწყება არაა ვალდებული ასეთი სახის ინფორმაცია გასცეს – უწყების თქმით, მოთხოვნილი ფაქტები საჯარო ინფორმაციის კატეგორიაში არ გადის.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ამ საქმეზე გვითხრა, რომ საქმის გამოძიების შესახებ ინფორმაცია მათ არ ჰქონდათ.  სამინისტრომ დააზუსტა, რომ ამ საქმეზე 2014 წელს მათი ერთ-ერთი თანამაშრომელი დაიკითხა.

ჩვენი პროკურატურის ეს პასუხი სასამართლოში გავასაჩივრეთ იმ მოტივით, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია გარემოს ეხება და საჯაროა როგორც ქართული კანონმდებლობით, ასევე ორჰუსის კონვენციით, რომლის მხარე საქართველოცაა.

მოსამართლე ხატია არდაზიშვილმა ჩვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და პროკურატურას მოთხონილი ინფორმაციის გაცემა არ დაავალა.

მოსამართლე ხატია არდაზიშვილის აზრით,  ინფორმაცია, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის საფუძველზე გამოვითხოვეთ,  არ განეკუთვნებოდა საჯარო ინფორმაციის კატეგორიას.

ვინაიდან მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია დარეგულირებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით და წარმოადგენს საქართველოს პროკურატურის მმართველობით ფუნქციის განხორციელების სფეროს, შესაბამისად, მასზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის გავრცელება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს”, – ნათქვამია ხატია არდაზიშვილის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში. – “საქართველოს პროკურატურის მიერ მოსარჩელის მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე, ვინაიდან საქართველოს მთავარ პროკურატურას არ გააჩნდა ამ შინაარსის ინფორმაციის გაცემის კანონისმიერი ვალდებულება, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას და არ უნდა დაკმაყოფილდეს.”

პროკურატურას აქვს დისკრეციის უფლება: გამომძიებელ ორგანოს შეუძლია გამოძიების მიმდინარეობის პროცესში საქმის დეტალები დამალოს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

თუმცა, სულხან სალაძე, რომელიც ჩვენი იურისტი იყო ამ საქმეზე, ამბობს, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც პროკურატურას გაუცია ინფორმაცია ისეთ საქმეებზე, რომელთა გამოძიებაც მიმდინარეობდა.  ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პროკურატურას მიმდინარე და გახმაურებული საქმეების შესახებ საგანგებოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზეც განუცხადებია ჟურნალისტებისთვის.

სალაძის თქმით, ამ შემთხვევაში პროკურატურის მიერ დისკრეციის უფლებით სარგებლობა და გარემოს დაბინძურების გამოძიების შესახებ ინფორმაციის დამალვა შერჩევითი იყო.

“სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლზე და ამბობს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, თუმცა, ამავდროულად, არაფერს ამბობს სხვა შემთხვევებზე, როდესაც პროკურატურამ გასცა მსგავსი ინფორმაცია,” – ამბობს სალაძე.

სასამართლო სხდომის დროს, პროკურატურის წარმომადგენელმა ანა კაპანაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ თუ პროკურატურა გასცემდა ამ ინფორმაციას, ეს კონკრეტულ პირებს დააზიანებდა.

იურისტის კითხვაზე, თუ კონკრეუტულად ვინ დაზიანდებოდა, ანა კაპანაძეს პასუხი არ ჰქონდა.

“ვერ გეტყვით. ამ საქმის მწარმოებელი მე არ ვარ,” – უპასუხა იურისტს კაპანაძემ სასამართლო სხდომაზე.

#აგარაკი, სომხეთი  

სომეხ გარემოსდამცველებს არაერთი მტკიცებულება აქვთ იმაზე, რომ GeoPromining-ის შვილობილი ოქროს მოპოვებელი კომპანიები მყარი თუ თხევადი ნარჩენებით ზიანს აყენებენ ადგილობრივ გარემოს.

მძიმე მეტალებით დაბინძურებული თხევადი ნარჩენი საწარმოდან მდინარე ხარჩევანში, შემდეგ კი არაქსში ჩაედინება, რომელიც სომხეთიდან ირანში მიედინება და ადგილობრივის გარდა, ტრანსსასაზღვრო დაბინძურების საფრთხესაც ქმნის.

2016 წლის 8 ნოემბრის დაბინძურება

2016 წლის 8 ნოემბერს, Armenian Economic Front-ის კოორდინატორმა ლევონ გალსტიანმა მდინარე ხარჩევანში ადგილობრივი ოქროს მომპოვებელი კომპანიდან სქელი საწარმო მასის ჩადინების ფაქტი დაინახა.  ეს შემთხვევა გალსტიანმა ვიდეოზე გადაიღო და გაავრცელა.

საწარმოს თხევადი ნარჩენი მდინარე ნახჩევანში ჩაედინება, აგარაკი, სომხეთი; ფოტო: ჰრანტ გალსტიანი

არასამთაბრობო ორგანიზაციამ ეს ვიდეო გაავრცელა და სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება სთხოვა.  სომხეთის გარემოს დაცვის სამინისტრომ ჩაღვრიდან რამდენიმე დღეში ოფიციალურად განაცხადა, რომ კომპანიას დაუკავშირდა და ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო დაბინძურების ამ შემთხვევაზე.

GeoProMining-ის ვებ-გვერდზე ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

The biggest tailing of the factory

ნოემბრის ბოლოს, სომხეთის გარემოს დაცვის სამინისტრომ უარყო კომპანიის თხევადი ნარჩენის მდინარეში მოხვედრის ფაქტი.

სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ წყალს ლაბორატორიულ კვლევებს ჩაუტარებოდა და სამინისტრო შედეგებს მოგვიანებით გამოაქვეყნებდა.

Hetq, სომხური ყოველდღიური მედია-გამოცემა, გარემოს დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა და წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგები გამოითხოვა, როგორც საჯარო ინფორმაცია.  სამინისტრომ მედია-საშუალებას უპასუხა, რომ კვლევების შედეგები ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული და ამ ეტაპზე ვერ მიაწოდებდა.

მოგვიანებით, სამინისტრომ განაცხადა, რომ გარემოსდამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

“ეს სითხე სხვა არაფერია, თუ არა ტალახიანი წყალი”, – უთხრა Hetq-ის ჟურნალისტს სომხეთის გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა არმენ ვარდანიანმა.

Hetq-მა მეორედ მოითხოვა სამინისტროსგან ლაბორატორიის კვლევის ოფიციალური შედეგები.  სამინისტრომ არც ამ შემთხვევაში წარმოადგინა ლაბორატორიის კვლევის შედეგები.  მეორე წერილზე საპასუხოდ კი იგივე პასუხი გაიმეორა, რაც წინა წერილზე: რომ სითხე ‘ტალახიანი’ იყო და არა მძიმე ლითონებით დაბინძურებული მასა.

ამ შემთხვევიდან ორი კვირის შემდეგ Hetq-ის ჟურნალისტი, ჰრანტ გალსტიანი აგარაკის სამთო-გამამდიდრებელ საწარმოს თავად ესტუმრა.  მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის მილიდან გამომავალი წყალი უკვე აღარ იყო ოქროსფერი, სითხის კვალი ადგილობრივ კლდოვან წარმოანაქმნში და მდინარე ხარჩევანში გადაყრილ საბურავებზე იყო დარჩენილიყო.

ჟურნალისტმა ნახა, რომ აგარაკის ფაბრიკიდან ტოქსიკური სითხის ახალი წყარო ჩამოედინებოდა და მდინარე ხარჩევანის ხეობაში ჩაედინებოდა.  ეს სითხე აღარ იყო გამჭვირვალე.  ადგილობრივებმა თქვეს, რომ ეს სავარაუდოდ, ინდუსტრიულად დაბინძურებული წყალი იყო.

აგარაკის სამთო-გამამდიდრებელი ფაბრიკიდან ჩამომავალი სითზე მდინარის კალაპოტში ჩაედინება. ფოტო: ფრანტ გალსტიანი, 2016 წლის ნოემბერი

ტოქსიკური სითხე ჯერ მდინარე ხარჩევანს ერევა, შემდეგ კი მდინარე არაქსს, რომელიც მანამდე აგარაკის დასახლებას გაივლის და ირანში მიედინება.

სოფლის მიმდებარედ, მდინარის ნაპირზე ოქროსფერი მყარი ნალექები ისევ იყო დარჩენილი.

სითხის ნარჩენები მდინარე ხარჩევანის კალაპოტში; ფოტო: ჰრანტ გალსტიანი

მდინარე ხარჩევანის სავალ გზაზე საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო მინდვრებია.  ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ საკვების დაბინძურების შიშით, ამ მდინარე წყალს ისინი მინდვრების სარწყავად ამჟამად არ იყენებენ.

წლების განმავლობაში, სომხურ მედია Hetq-ს არაერთხელ გაუშუქებია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სწორედ ამ მდინარის წყალს იყენებდა მინდვრების სარწყავად.  აგარაკის მოსახლეობა ხარჩევანის მდინარის წყალს ამჟამად სარწყავად რომც არ იყენებდეს, ისინი წყალს მდინარე არაქსიდან იღებენ, სადაც მაინც ჩაედინება ფაბრიკიდან გამამდიდრებელი სითხის ნარჩენები.

ადგილობრივი მოსახლეობა ამ თემაზე ღიად არ ლაპარაკობს.  მიუხედავად იმისა, რომ ისინი აღიარებენ, რომ ფაბრიკას ცუდი გავლენა აქვს ადგილობრივ ჰაერზე, წყალსა და ნიადაგზე, მათ არ უნდათ, რომ მათი სახელი პრესაში გამოჩნდეს, რათა საწარმოში დასაქმებულ ოჯახის წევრებს თუ ნათესავებს სამსახურის დაკარგვის საფრთხე არ შეექმნათ.

ხარჩევანში 300 კომლი ცხოვრობს. ოჯახების უმრავლესობის ერთი წევრი მაინც კომპანიაშია დასაქმებული.

აგარაკის სამთო-გამამდიდრებელ კომპლექსს სომხეთში ყველაზე დიდი მოცულობის და ბევრი კუდსცავი აქვს.  2012 წელს, მათ 43 მილიონი კუბური მეტრის ოდენობის ნარჩენები ჰქონდათ.  ყველაზე დიდი კუდსაცავი, რომელიც 40 მილიონ კუბურ მეტრ თხევად ნარჩენს იტევს,  მდინარე დარაზამთან მდებარეობს.

2016 წელს, სომხეთის ამერიკულმა უნივერსიტეტმა კვლევა ჩაატარა. ამ კვლევის ფარგლებში, აგარაკში სარწყავი წყალი და ნიაგადი გამოიკვლიეს.   სასმელ წყალში დიდი კონცენტრაციით მძიმე მეტალები აღმოაჩინეს, ვინაიდან ის მოდის გარნის ნაკადულიდან, რომელიც ფაბრიკიდან საკმაოდ შორსაა.

გამოკვლეული ხუთი მეტალიდან, ნიადაგში დარიშხანის შემადგენლობა 6,5-ჯერ აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას, ხოლო სპილენძის – 14,7-ჯერ. რიგ ზონებში,  ნიადაგში  ტყვიის შემცველობა ასევე აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას.

#იაკუტია, რუსეთი

იაკუტიაში, იგივე სახას რესპუბლიკაში, რომელიც რუსეთის ფედერაციის ნაწილია, სააქციო საზოგადოება  “სარილახ-სიურმა” ოქროს შემცველ მადანს მოიპოვებს.

ის 100 %-ით ეკუთვნის ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანია GPM Russia B.V.-ს.  სააქციო საზოგადოება “სარილახ სიურმას” მმართველია შპს “GeoProMining”, რომლის დირექტორთა საბჭოს წევრი სიმან პოვარენკინია.

2009 წლიდან დღემდე, ეს კომპანია არაერთხელ დააჯარიმეს გარემოსდაცვითი წესების და მუშების უფლებების დარღვევისთვის.

2012 წელს, რუსი ეკოლოგები იუწყებოდნენ, რომ “სარილახ-სიურმამ” ერთ-ერთ ქარხანაში, რომელიც მაგადანში მდებარეობს, კონცენტრატის ნახევარფაბრიკატის შენახვის წესები დაარღვია.  რუსეთის გარემოს დაცვისა და რესურსების სამინისტრომ 2008 წლის 2 ივლისს, საკუთარ ვებ-გვერდზე, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევი კომპანიების სია გამოაქვეყნა და დეტალურად აღწერა დარღვევის ბუნება.

სამინისტროს თქმით, იმ ადგილზე, სადაც მადანი იყო შენახული, ნიადაგში სიურმის შემადგებლობა 1,8-ჯერ აღემატებოდა ქვეყნის კანონით დასაშვებ ნორმას. ეს კანონდარღვევა დაკვალიფიცირდა, როგორც სიურმის შემცველი კონცენტრატის შენახვის წესების დარღვევა და ამით გამოწვეული ნიადაგის დაბინძურება.

რუსეთის გარემოს დაცვის სამინისტროს მაგადანის ოლქის დეპარტამენტის წარმომადგენელმა წერილობით გვიპასუხა, რომ კომპანიამ ჯარიმა გადაიხადა, თუმცა ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და ჯარიმის ოდენობაზე დეტალური ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

“იმის გამო, რომ გაიარა იმ დრომ,  რომლის განმავლობაშიც პირი/კომპანია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ითვლება, მეტი ინფორმაციის მოწოდება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად”,  – გვიპასუხა რუსეთის გარემოს დაცვის სამინისტროს მაგადანის ოლქის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

კომპანიის ურთიერთობა ადგილობრივ პოლიტიკოსებთან  

2015 წელს,  შპს «ГеоПроМайнинг Верхнее Менкече»-მ ადგილობრივ არჩევნებზე  იაკუტიის მერის, იგორ ბორისოვის საარჩევნო ფონდში 4 მილიონი რუბლი გადარიცხა.  ეს მოვლენა სკანდალი იყო ადგილობრივი მედიისთვის და ფართოდ გაშუქდა.

თვით გადარიცხვა უკანონო ქმედება არ იყო.  თუმცა, შპს «ГеоПроМайнинг Верхнее Менкече» ნიდერლანდებშია დარეგისტრირებული და ის Karlou B.V.-ს და GPM Russia B.V.-ს ეკუთვნით – ადგილობრივ ოქროს მომპოვებელ კომპანიას, რომელიც მაგადანში მუშაობდა და რომელიც ახალი ქარხნის მშენებლობას აპირებდა დეგტიარსკში.

ახალი ქარხნის პროექტი დეგტიარსკში

მრავალრიცხვოვანი აქციები მოჰყვა ეკატერინბურგის ქალაქ დეგტიარსკში “ეროვნული სიურმის კომპანიის” მიერ ახალი საწარმოს მშენებლობის დაწყებას.

ქალაქი დეგტიარსკი სვერდლოვსკის ოლქში მდეობარეობა და იქ 16 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

საწარმო 50 %-ით ეკუთვნის შპს Гринпроджект-ს, რომლის დამაარსებლები სიმან პოვარენკინი და მისი რუსი პარტნიორი რომან ხუდოლი არიან. 2014 წლის ბოლოს, ამ კომპანიის 50 პროცენტი იგორ როტენბერგმა შეიძინა, რომელიც რუსული ‘ფორბსის’ მიხედვით, სახელმწიფო დაკვეთების ყველაზე ხშირად მიმღები კომპანიების ხუთეულში შედის.

შპს “ეროვნული სიურმის კომპანია” არც სახელმწიფოსგან დარჩენილა უყურადღებოდ.  2015 წელს კომპანია რუსეთის განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტრომ იმ კომპანიების რიცხვში ჩასვა, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ ფულად დახმარებას იმისთვის, რომ კომერციული ბანკებიდან აღებული კრედიტები დაფარონ 2014-2016 წლებში, რათა დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიცია განეხორციელებინათ.

დეგტიარსკის ფაბრიკას წელიწადში 5,7 ათასი ტონა სურმის ტრიოქსიდი უნდა ეწარმოებინა, რაც ერთ დღეში 10 ათასი ტონა სიურმის კონცენტრატის გადამუშავებას გულისხმობდა. ამ ოდენობის წარმოებით კომპანია ამ პროდუქტზე რუსეთში მოთხოვნას დააკმაყოფილებდა და ბელორუსიის და ყაზახეთის ბაზარზე გასვლის საშუალებაც მიეცემოდა.  ნედლი მადანი იაკუტიის საბადოებიდან უნდა ამოღოთ.

სიმან პოვარენკინის კომპანია ამაში 700 მილიონი რუბლის [10 მილიონი ევრო] ინვესტირებას აპირებდა.

ამ ქარხნის მშენებლობის იდეას ადგილობრივი მოსახლეობა უარყოფითად შეხვდა.  მათ არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია. მოსალეობა სწუხდა იმაზე, რომ ეს ქარხანა საცხოვრებელ სახლებთან ახლოს უნდა აშენებულიყო.   იქვე ახლოს იყო ორი დიდი წყალსაცავი, რომლითაც ქალაქი ეკატერინბურგი მარაგდება, სადაც 1,4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

რუსეთის ეროვნული კანომდებლობით, კომპანიას საჯარო განხილვები უნდა მოეწყო, სადაც დეგტიარსკის ადგილობრივი მოსახლეობა უნდა ყოფილიყო ჩართული.   სამჯერ ადგილობრივი მოსახლეობა და ეკოლოგები ამის წინააღმდეგ გამოვიდნენ.  წინააღმდეგობა ორი წლის განმავლობაში გაგრძელდა.

2015 წელს, ადგილობრივი მოსახლეობის წნეხით, ადგილობრივმა მთავრობამ ეს პროექტი ლოკალური გარემოსთვის და ხალხისთვის საშიშად მიიჩნია და მისი განხორციელება შეაჩერა.

http://goldendust.info/%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98/?lang=ge

Advertisements