ირაკლი ლექვინაძე, ლევან კალანდაძე, ნოდარ ჭიჭინაძე

საყდრისის მტრები!!!

levan_kalandadze_irakli_lekvinadze_da_nodar_chichinadze
ირაკლი ლექვინაძე, ლევან კალანდაძე, ნოდარ ჭიჭინაძე

საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს ათვისება სასიცოცხლოდ აუცილებელია

,,არემჯი გოლდის” საქმიანობის, ოქროს მოპოვება-წარმოებისა და კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციების კვლევის შედეგები     

საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების _ ,,სიპი”-ს ცენტრის მკვლევარებმა _ ლევან კალანდაძემ, ირაკლი ლექვინაძემ და ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტმა ნოდარ ჭიჭინაძემ კომპანია ,,არემჯი გოლდის” საქართველოში საქმიანობის შესახებ, ვრცელი კვლევა წარმოადგინეს. ამ კვლევის მიხედვით, საზოგადოება დარწმუნდება, რომ საყდრისიყაჩაღიანის საბადოს ათვისება სასიცოცხლოდ აუცილებელია, რათა კომპანიაში დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობა არ შემცირდეს და ,,არემჯიმ” რეგიონში დაწყებული მნიშვნელოვანი სოციალური აქტივობაც გააგრძელოს.     
,,ვერსიასთან” საუბრისას, ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, რომ კომპანია ,,არემჯის” საქმიანობა საქართველოში 2011 წლიდან დაიწყო, როდესაც 2011 წლის ოქტომბერში, ბოლნისის რაიონში, ძვირფას და სამრეწველო ლითონებზე გეოლოგიურ- საძიებო და მოპოვების ლიცენზია მოიპოვა. სახელმწიფო აუქციონზე, ლიცენზიის საწყისი ფასი 30 000 000 ლარი იყო, რომელიც კომპანიამ 93 500 000 ლარად შეიძინა. 2012 წლის თებერვალში, 110 500 000 ლარად, მადნეულისა და საყდრისის კარიერებში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის 27-წლიანი ლიცენზია შეიძინეს, რომელიც ძალაში 2015 წლის იანვრიდან შევა. 2012 წლის ივნის- აგვისტოში, კომპანია ,,არემჯიმ”, ,,გეოპრომაინინგ გრუპისგან“, 120 000 000 აშშ დოლარად, სს „მადნეული“ და სს „კვარციტი“ შეიძინა: ,,2009-2013 წლებში, კომპანია ,,არემჯის” წარმოებული ოქროს მოცულობა შემცირდა. თუ საბაზისო წლად 2009 წელს ავიღებთ, წარმოების შემცირების მოცულობამ 2010 წელს _ 23%, 2011 წელს _ 45%, 2012 წელს _ 57%, 2013 წელს კი _ 59% შეადგინა. ვერცხლის წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა 2010 და 2011 წლებში. 2009 წელთან შედარებით, შემცირება 2012 წელს _ 15%-ით და 2013 წელს _ 2%-ით დაფიქსირდა. წარმოების შემცირების ძირითად მიზეზად, ლიცენზირებულ კარიერებში არსებულ მადანში ოქროს შემცველობის შემცირება სახელდება. არსებული მადნების მოპოვება უფრო რთულია და შესაბამისად, უფრო ძვირი ჯდება. აქედან გამომდინარე, კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი საბადოების ათვისება, რადგან კომპანიის ფუნქციონირება სრულფასოვნად გაგრძელდეს. გარდა ამისა, მადნის მოპოვებისა და გადამუშავების მიმართულებით ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველსაყოფად, დამატებითი ინვესტიციებიც მოიზიდოს”, _ განუცხადა ,,ვერსიას” ირაკლი ლექვინაძემ. მისი თქმით, 2013 წელს რეალიზებული ოქროს მოცულობა, 2009 წელთან შედარებით, 57%-ით შემცირდა, ხოლო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები _ 36%-ით. ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, 2006 წლის შემდეგ, საქართველოდან დაუმუშავებელი და ნახევრადდამუშავებული ოქროს ექსპორტის დინამიკა ასეთია: მაქსიმალური შემოსავალი ფიქსირდება 2009-2010 წლებში. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ოქროს ფასები საერთაშორისო ბაზრებზე პიკზე იყო. ოქროს ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მიმდინარე, 2014 წელს ფიქსირდება, 8 თვეში _ 24 000 000 აშშ დოლარით, რაც მთლიანი ექსპორტის 1.25%-ია. პროდუქცია ყველაზე მაღალი წილით 2009 წელს იყო წარმოდგენილი _ 10.7%, ამ დროისთვის ის საექსპორტო პროდუქტების ათეულშიც ფიქსირდებოდა. საუკეთესო წლებში, ოქროს ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 116 200 00 აშშ დოლარი (2009 წ.) და 117 700 000 აშშ დოლარი (2010 წ.) იყო. კომპანია ,,არემჯი”, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის უმსხვილესი გადამხდელია. 2009-2013 წლებში, კომპანიის მიერ გადახდილი გადასახადების მოცულობა 361 000 000 ლარი იყო. კომპანიაში 3 000-მდე თანამშრომელია დასაქმებული: ,,კომპანია ასევე ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალური ბიუჯეტის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია, რადგან ადგილობრივი შემოსავლების 70%-ზე მეტი, სწორედ კომპანიის მიერ გადახდილი ქონებისა და ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის შედეგად ივსება. კომპანიის სამრეწველო და ფინანსური აქტივობის პიკზე, 2011-2012 წლებში, ადგილობრივ და სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილმა გადასახადებმა 133 000 000 და 142 000 000 ლარი შეადგინა. 2013 წლის დაბალი მაჩვენებელი კი წარმოების მოცულობების შემცირებით იყო გამოწვეული. კომპანიაში დასაქმებული ადამიანების 80% ადგილობრივი მოსახლეობაა, კომპანია საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად წარმოების მოცულობის საგრძნობი შემცირებისა, თანამშრომლების რიცხოვნება და მათზე გადახდილი ხელფასები, პრაქტიკულად, არ შეცვლილა”, _ აცხადებს ირაკლი ლექვინაძე. მისი თქმით, კომპანია ,,არემჯისთვის”, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკვე გამოკვლეული საყდრისის საბადოს ექსპლუატაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იძულებული გახდება, თანამშრომელთა რაოდენობა გაანახევროს, რაც მკვეთრად გააუარესებს სოციალურ ფონს და მნიშვნელოვნად გაზრდის სიღარიბის მაჩვენებელს, როგორც დმანისის, ასევე ბოლნისის რაიონებში. სხვადასხვა ქვეყნებში სამთო დარგის აქტივების შეძენის პარალელურად, კომპანია ,,არემჯის” ახლანდელმა მფლობელებმა, საქართველოს სამთამადნო დარგში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელეს. მხოლოდ გეოლოგიურ- საძიებო სამუშაოებში, მათ შორის საყდრისის საბადოზე, კომპანიამ 20 000 000 აშს დოლარის კაპიტალდაბანდება უკვე განახორციელა. დაახლოებით, 20 000 000 აშშ დოლარი მოხმარდა საყდრისის ტერიტორიაზე ახალი გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას, რომლის ფუნქციონირებაც საყდრისი- ყაჩაღიანის მადნის გარეშე, სრულიად არაპროდუქტიულია და მოკლე ხანში მისი დახურვაც გარდაუვალი იქნება. ამ პროექტის საშუალებით, პირველად ქვეყნის ისტორიაში, სუფთა, ე.წ. კათოდური სპილენძის საწარმო დაფუძნდება. 2015 წელს, ამ საწარმოს 25 000 000 აშშ დოლარის დამატებითი ინვესტიციაც მოხმარდება: ,,2006-2012 წლებში, კომპანია ,,არემჯიმ” 14 202 000 ლარის სოციალური პროექტები განახორციელა. წელიწადში, საშუალოდ, მილიონიდან ორ მილიონ ლარამდე ქველმოქმედებას ხმარდება. განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება სპორტის, კერძოდ, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები გუნდის მხარდაჭერას. გარდა ამისა, განსაკუთრებული ზრუნვისა და ყურადღების საგანს წარმოადგენს კულტურული, შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროექტები. კომპანიის პრიორიტეტია გარემოზე ზრუნვა. ეკოლოგიურ პროექტებში, ,,არემჯიმ” ბოლო ოთხ წელიწადში, მილიონობით აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანია უძველესი ქართული კულტურული ძეგლების შენარჩუნებასა და აღდგენაზეც ზრუნავს”, _ გვიამბობს ირაკლი ლექვინაძე. 2012-2014 წლებში, ,,არემჯიმ” სოციალურ პროექტებზე 406 000 ლარზე მეტი დახარჯა. აღნიშნული თანხიდან, 369 000 ლარი, ბოლნისის რაიონში სხვადასხვა სახის სოციალური პროექტების, საქველმოქმედო ორგანიზაციების, ბოლნისის ეპარქიის, რეგიონში სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებების დაფინანსებას მოხმარდა. დარჩენილი თანხა, ანუ 36 559 030 ლარი ,,არემჯიმ” რეგიონში სოციალურად დაუცველი ფიზიკური პირების მატერიალურ დახმარებაში დახარჯა. ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, საყდრისის საბადოს აღმოჩენა, მრავალწლიანი, მრავალმილიონიანი ინვესტიციებისა და გეოლოგიურ- საძიებო სამუშაოების შედეგია. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, წარმოებისთვის სხვა ალტერნატიული სარესურსო ბაზა კომპანიას არ გააჩნია და შესაბამისად, ამ საბადოს სრულფასოვნად ათვისება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბნის ათვისება, კომპანია ,,არემჯის” გადარჩენის, ასევე ქვეყნისა და რეგიონისთვის სარგებლის შენარჩუნების ერთადერთი საშუალებაა.
მაია მიშელაძე

2014

წყარო

Advertisements