წერილი პატრიარქს

1
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რამოდენიმე დღის წინ, კომპანია RMG-მ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს საპატრიარქოს ბოლნისის, მანგლისის და თეთრიწყაროს, ნიკორწმინდის და ალავერდის ეპარქიებთან ხელშეკრულება გააფორმა.
ხელშეკრულების თანახმად, მხარეები ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის და მათი რეაბილიტაციის ერთობლივ პროგრამას შეიმუშავებენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს წერილით მივმართეთ:

თქვენო უწმინდესობავ,

მოგახსენებთ, რომ ა.წ. 10 დეკემბერს  კომპანია RMG-მ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს საპატრიარქოს ბოლნისის, მანგლისის და თეთრიწყაროს, ნიკორწმინდის და ალავერდის ეპარქიებთან ხელშეკრულება გააფორმა.

შეგახსენებთ,  რომ კომპანია RMG-მ  2013-2014 წწ  მსოფლიოს ავტორიტეტული მეცნიერებისა და ქართული   საზოგადოების  მძლავრი საპროტესტო ტალღის მიუხედავად 2014 წ. 13 დეკემბერს   მსოფლიოში უძველესი (5500 წლის) ოქროს მაღარო – საყდრისის კულტურული მემკვიდრეოების ძეგლი   ვანდალურად ააფეთქა.  მეტიც, ძეგლის სრულად განადგურებამდე (6 თვე) მეცნიერებს არ მისცა საშუალება, გადაერჩინათ  ნგრევის პროცესში აღმოჩენილი უამრავი  საქართველოს ისტორიისთვის ასე მნიშვნელოვანი არტეფაქტები.  გარდა ამისა, დღეს  ქვემო ქართლის  რეგიონი  კომპანიის საქმიანობის შედეგად ეკოლოგიური კატასტროფის ზონად  იქცა, რასაც ბოლო წლებში ჩატარებული არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის შესაბამისი კვლევებიც მოწმობს.  რეგიონში  ეკოციდის საფრთხეებზე არის საუბარი ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ დაწერილ დასკვნაშიც (2016წ,)

RMG -ის საქმიანობა  უკვე გადაწვდა  “ბნელი ხევის”  ტერიტორიას  და, ზოგადად, თეთრიწყაროს რაიონის  უნიკალურ ლანდშაფტს.  კომპანიის დანაშაულებრივი საქმიანობით  საფრთხე აღნიშნულ ტერიტორიებზე არა მხოლოდ გარემოს, არამედ ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეოების ძეგლებს – კერძოდ ფიტარეთის უნიკალურ სამონასტრო კომპლექსსა და ხულუტის ციხეს დაემუქრა. სწორედ ამის გამო, 2017 წლის მარტში  „საყდრისის კომიტეტის“  მოთხოვნის საფუძველზე კულტურის სამინისტრომ  კომპანიას უკან გააწვევინა  „ბნელი ხევის“  გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტის განხილვა.  მიუხედავად ამისა,   ზაფხულში კომპანია RMG-მ თვითნებურად,  ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან და საპატრიარქოს არქიტექტურის სამსახურთან  შეუთანხმებლად  ფიტარეთის და ხულუტის  ციხის მახლობლად ჩაატარა ექპერიმენტული აფეთქებები  მაქსიმალური მძლავრი მუხტით  ისე,  რომ არაფერი  იცოდა  მონასტრის მდგრადობის შესახებ, რათა შეემოწმებინათ დააზიანებდა თუ არა აფეთქება სამონასტრო კომპლექსს და  ხულუტის ციხეს (?!).  მომხდარს “საყდრისის კომიტეტის”  საპროტესტო  აქციები მოჰყვა ადგილზე.  აქტიური იყო საზოგადოებაც.

კომპანია RMG  დიდი ხანია საქართველოში ნგრევის და  განადგურების სინონიმად იქცა.  დღემდე ითხოვს საზოგადოება საყდრისის აფეთქებისთვის დამნაშავეების დასჯას – მიმდინარეობს სასამართლო პროცესებიც.  გარდა ამისა,  ყველას გვახსოვს 2014 წლის 14 დეკემბერს  მისი უწმინდესობის ქადაგება, სადაც თქვენ არა მხოლოდ დაგმეთ საყდრისის აფეთქება,  არამედ   დამნაშავეების სასწრაფოდ დასჯაც მოითხოვეთ.  შესაბამისი განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც.

იმ ფონზე, როდესაც საზოგადოებისა და აკადემიური წრეების უარყოფითი დამოკიდებულება  ძეგლების ამფეთქებელი კომპანიის მიმართ, მკვეთრად გამოხატულია, და თავად სახელმწიფოც ცდილობს ერთგვარ დისტანცირებას  კომპანიისგან, მიუღებლად მიგვაჩნია ცალკეული ეპარქიების თანამშრომლობა ამ კომპანიასთან.

გთხოვთ, უმოკლეს დროში  ჩანიშნოთ   საპატრიარქოს  მხრიდან  ამ მემორანდუმზე ხელმომწერ პირებთან და  საყდრისის კომიტეტის წევრების შეხვედრა.”

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის”

11 დეკემბერი, 2017

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s